''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლებმა 30 საჩივარი უკვე დაწერეს, მათ შორის 4 საოლქო კომისიაში.
მირდატ ქამადაძის თქმით, მერვე უბანზე რამდენიმე ადამიანის სახელისა და გვარის გასწვრივ, სამაგიდო სიაზე ხელი უკვე მოწერილი დახვდათ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ საარჩევნო უბნებთან ასი მეტრის რადიუსში ე.წ. ძველი ბიჭები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენენ.
მისივე განცხადებით, ''ქართული ოცნება'' არჩევნების გაყალბებას სხვადსხვა მეთოდებით ცდილობს.
''აღნიშნულ ადამიანებს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. ეს გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელისუფლებო პარტია ''კარუსელს'' ატრიალებს. ასევე საარჩევნო უბნებთან, ასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება გარეშე პირების ყოფნა, მაგრამ ''ქართულმა ოცნებამ'' ნოუჰაუ შემოგვთავაზა და ე.წ ძველ ბიჭებს ბეიჯი ჩამოკიდა და თითქოს ლეგალური გახადა მათი იქ ყოფნა. ეს ადამიანები იქ იმყოფებიან იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ ზეგავლენა.
ასევე 24-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოს ჯავახიშვილის დასახლებაში დადასტურებულია თანხის გადაცემის ფაქტი და ამ ვიდეო მასალებს ჟურნალისტებს მოგაწვდით.
ხშირ შემთხვევაში დასტურდება 100 მტრიანი რადიუსის დარღვევა, რის გამოც პოლიციელებს არაერთხელ მივმართეთ. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები ინერტულები არიან.
''ქართული ოცნების'' საარჩევნო შტაბისთვის ცნობილია ჩვენი ამომრჩევლების შესახებ,, სუსი ამაზე მუშაობს. ,,ოცნების'' კომისიის წევრებმა იციან, რომ ესა თუ ის ამომრჩეველი არ უწერს ხმას, გადაცემის მომენტში ბიულეტენებს აზიანებენ. ან ხდება ხელის არ მოწერა ან ბეჭედს არ სვამენ. რაც საბოლოო ჯამში ამ ბიულეტენის ბათილობას გამოიწვევს. ამ ფაქტზეც დაწერილია საჩივარი'' - განაცხადა მირდატ ქამდაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია მოქალაქეთა აქტიურობა.