ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა

20 ოქტომბერი 2021, 10:32 1284 ნახვა

პროკურატურამ ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში - პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვისთვის, ხოლო პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. 

'' გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.თბილისში, ა.შ-ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ბ.ლ-მ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ა.შ-ს, მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან ბ.ლ დაუკავშირდა ბ.ხ-ს და დახმარება სთხოვა მიმალვაში. ბ.ხ-მ ავტომანქანით მიაკითხა ბ.ლ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან შეიტყო, რომ მან ჩაიდინა   განზრახ მკვლელობა, რის შემდეგაც იგი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით ბ.ლ-ს მიმალვაში დაეხმარა.
გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა ბ.ლ-ს ადგილსამყოფელი, რა დროსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. 

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში დადგინდა ბ.ხ-ს ადგილსამყოფელი, რომელიც იმალებოდა მეგობრის ლ.რ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც საგამოძიებო მოქმედებების მიზნით მისულ პოლიციის თანამშრომლებს ბ.ხ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ხელყუმბარას მოაძრო რგოლი და მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში. ბ.ხ-ს დაკავებაში პოლიციის თანამშრომლებს ხელი შეუშალა და წინააღმდეგობა გაუწია ლ.რ-მ, რითაც ისარგებლა ბ.ხ-მ და ხელყუმბარა ისროლა საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით. ხელყუმბარა დაეცა იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე და არ აფეთქდა. ხელყუმბარა გამნაღმველების დახმარებით განეიტრალდა.

პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ ბ.ხ.-ს პირადი ჩხრეკისას ასევე აღმოაჩნდა ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. ხოლო პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე დაკავებული ლ.რ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში