კაფე ,,ვინილს'' ანგრევენ - მის ადგილას ოთხსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება 

14 ოქტომბერი 2021, 11:45 2175 ნახვა

ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე კაფე ''ვინილს'' ანგრევენ. ტერიტორია სპეციალური ლენტებითაა შემოფარგლული. შენობის ნაწილი უკვე  დაშლილია. 

კაფეების და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების ადგილას, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით მეხუთე სართული მანსარდი იქნება. 

სამუშაოებს კომპანია „ახალი ერა“ ახორციელებს.  კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახალი პროექტი გარემოსთან სრულ შესაბამისობაში იქნება და  იერსახეს გაალამაზებს. 

''ამ ტერიტორიაზე ბარაკული შენობა-ნაგებობები იყო, რომელიც პირობებს არ აკმაყოფილებდა და  მოსახლეობისთვისაც საფრთხის შემცველი იყო. ახალი პროექტით საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება და იერსახეც უფრო გალამაზდება. როცა პროექტს გაეცნობა საზოგადოება პროტესტიც აღარ იქნება.  დაახლოებით 32 ბინა აშენდება და ასევე პარკინგიც არის გათვლილი 19-მდე ადგილი. მიწის ფართობი კი ფართი 952 კვადრატი იყო. 

მეპატრონეებს აქ გადაეცემათ ფართები. ვისაც არ სურდა სხვაგან შევუძინეთ ქონება - გაორმაგებული კვადრატულობით. საკმაოდ სოლიდური ფინანსური ხარჯებია მეპატრონეების მისამართით გაწეული და შესაბამისად უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. ეს კერძო საკუთრებაა და მას ძალით ვერავის წაართმევდით,'' - აცხადებს კომპანიის დირექტორი. 

მისივე თქმით, თავდაპირველად პროექტი 8 სართულზე იყო შეთანხმებული, თუმცა ნებართვის გაცემის დროს გარკვეული პრობლემები შეიქმნა და პროექტის გადახედვა გახდა საჭირო. ასევე დაიწყო დავა სასამართლოშიც. 

კობა ფუტკარაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს მერიასთან მორიგებას მივაღწიეთ, შევთანხმდით 5 სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტი შეცდომაა, რადგან ფიქრობენ, რომ ევროპის მოედანზე 8 სართულიანი ობიექტი შენდება. 

''იგეგმება 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ძეგლის სტატუსი ამ შენობას არ აქვს, თუმცა ზონა ისეთია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას საჭიროებს. ყველაფერი შეთანხმებულია, პროცედურები გავლილია, უფრო მეტიც სააგენტოსთან 8 სართულზე იყო შეთანხმება მიღწეული და შეთანხმებულია ახლა 5 სართულიანი კორპუსის მშენებლობაც.

ის სრულად შეესაბამება კონცეფციას და ერთიან იერსახეს, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზეა განვითარებული. მოსახლეობის პროტესტიც ვფიქრობ შეცდომის შედეგია, რადგან მიმაჩნია, რომ არ აქვთ სწორი ინფორმაცია თუ რა პროექტი მიმდინარეობს და საუბრობენ 8 სართულზე. ჩვენც თანახმა ვართ, რომ ამ ადგილს არ მოუხდებოდა 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობა და მოთხოვნაც გვქონდა სართულების შემცირებაზე, არ გვინდოდა ისეთი შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმელების პროტესტს გამოიწვევდა"- განაცხადა შპს "ახალი ერას" დირექტორმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი