ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს ლოს-ანჯელესის სასამართლოში უჩივის

17 სექტემბერი 2021, 10:09 1439 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში,  სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს, რომელიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იცავს ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს.

The New York Times-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, 1968 წელს, რომელშიც ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული მინიმუმ 59 კაცთან, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.

„ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, სარჩელს უკვე უპასუხა “ნეტფქლისმა”. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

სერიალის სიუჟეტი, რომელიც 1983 წლის რომანს ეფუძნება, ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ბავშვთა სახლში გაზრდილი ჰარმონი ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი