მეორე დღეა ქვეყანაში მთავარი თემა, გავრცელებული ფარული ჩანაწერებია, რომელშიც სავარაუდოდ სასულიერო პირების შესახებ არაერთი ინფორმაციაა თავმოყრილი. ურთიერთბრალდებები მძიმდება.
ოპოზიცია უკანონო თვალთვალზე საუბრობს, ხელისუფლება კი ჩანაწერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს, რასაც ოპონენტები „უსუსურ თავის მართლებას“ უწოდებენ.
გავრცელებულ მასალებს, ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ბინძური პროვოკაცია უწოდა პრემიერმა და საქმის ფიგურანტების დასჯის პირობაც დადო.
გამოძიების ყველა ეტაპზე პროკურატურასთან მჭიდროდ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
ფარული ფაილები მედიასაშუალებებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს, რომელშიც სავარაუდოდ ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაციაა ასახული, სასულიერო პირების მიმოწერის, მათ შორის მათი პირადი ცხოვრების შესახებ.
ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.