პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

01 სექტემბერი 2021, 13:30 1100 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.

პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლების ფაქტებთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

''საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას უწევს წინასაარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. (უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე). დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება.

მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით''- წერია განცხადებაში. 

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. ომბუდსმენი მოუწოდებს:

​ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი