სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია გვაქვს, შეგვიძლია დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში - ღარიბაშვილი 

18 აგვისტო 2021, 12:18 2161 ნახვა

სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ხალხმა ნახა ყველაფერი, ნახა 90-იანი წლები, მაშინ, როცა ძმათა შორის მკვლელობა მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. ომი აფხაზეთში, ომი ოსეთში, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, დაპირისპირება, ქაოსი, უწესრიგობა. შემდეგ ვნახეთ ახალი ომი რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი გმირების გმირული დაღუპვა ომში. 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება და კოდორის ხეობის, ახალგორის და უამრავი ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების დროებით დაკარგვა. დროებით, რადგან მჯერა და ყველას გვჯერა, რომ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთიანი და მთლიანი იქნება.

ჩვენმა ხალხმა გამოსცადა მჩაგვრელი ძალის ხელწერა, რომელიც საკუთარ ხალხს უწყობდა ტერორს. ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში, 8-9 წლის წინ ხდებოდა აქ, ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო მშვიდად გადაადგილება, ერთმანეთთან თავისუფლად საუბარი და ა.შ.

კარგად გახსოვთ ყველას, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი. საქართველოს თითოეულ კუთხეში იყო ტერორი და განუკითხაობა. პრაქტიკულად, მთავრობის მუნდირის ქვეშ კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას. მაფიოზური სახელმწიფო იყო სააკაშვილის დროს. მაფიოზური, კლასიკური გაგებით – 5 კაცი მართავდა, დაჯდებოდა და გადაწყვეტდა – ამას დახვრეტა, ამას დაჭერა, ამას გაკულაკება, კონფისკაცია ბიზნესის. ათასობით ადამიანი დაზარალდა – ჩამოართვეს ოჯახებს ბიზნესები, სახლები, მშობლები დაუხოცეს და ათას სისაძაგლეს ჩადიოდნენ ციხეებში – ადამიანების გაუპატიურება, ჩაგვრა, საშინელი უთანასწორობა და უსამართლობა. 

ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული, ღირსეული ერი. მტკიცე და გაუტეხელი. ამ ადამიანებს კიდევ რომ უჩნდებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, ეს არის უფრო დიდი დანაშაული და კრიმინალი და შემდეგ უკვირთ, როდესაც ჩვენ მათ ამ დანაშაულს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ – ყოველთვის, ყოველდღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით, რადგან არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული.

თქვენ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა. კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი აიღო უკრაინის მოქალაქეობა.  ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს, გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი