''ქართულმა ოცნება'' ქედის მერობის კანდიდატად როლანდ ბერიძე წარადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქედაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის კანდიდატი კარგად იცნობს მუნიციპალიტეტს, აქვს მუშაობის გამოცდილება და ის ღირსეული მერი იქნება.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში გაგრძელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გაზმომარაგება და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
''რვა წლის განმავლობაში ქედაში ბევრი პროექტი დაფინანსდა, იქნებოდა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული თუ გაზიფიცირების პროგრამები. ქედა არის უნიკალური ადგილი, ვუყურებთ გარემოს და ვხვდებით რამდენი ძალისხმევა გვჭირდება, რომ დავეხმაროთ მოსახლოებას, დავუდგეთ გვერდში როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური მთავრობა. ადგილობრივი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვირჩევთ ახალ მერს, რომელიც უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში. ეს არის ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა შეცდომებიც იყო, რომელსაც ვასწორებთ და მივდივართ წინ. ჩვენს ქვეყანას მშვიდობით და სტაბილურობით ფონს გავიყვანთ. განვითარებას შევიტანთ ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში.
ქედაში ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომელიც მოსაგვარებელია. ეს არის გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, გზების სამუშაოები. შენობებს სჭირდება რეაბილიტაცია. ჩვენ ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ცენტრების მოწყობას. წელს 500 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტისთვის.
გარდა ამისა ჩვენ ვგეგმავთ, რომ ხარისხიანი წყალი მიეწოდებოდეს ქედის სოფლებს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. ასევე გაზიფიცირების პროექტი უნდა დავასრულოთ.
პარალელურად უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილებიც. ''ქართულმა ოცნებამ'' სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახერხა . ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას. გადამამუშავებელი საწარმოების და ადგილობრივი წარმოების განვითარებას - ამ მიზნით მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში მილიარდ ლარს გამოყოფს. ვგეგმავთ 1 300 საწარმოს დაფინანსებას. შეიქმნება დამატებით 100 000 სამუშაო ადგილი.
საქართველო ევროპული ქვეყანა უნდა გავხადოთ. 4-5 საათი დასჭირდება მაგალითად წითელი ხიდიდან სარფამდე ჩამოსვლას ახალი ჩქაროსნული მაგისტრალებით, რომელსაც ვაშენებთ'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად რეგიონში პროექტები არ გაჩერებულა.
''ქედა გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც გამრჯე და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ისინი აძლიერებენ მაღალმთიან აჭარას და ჩვენს რეგიონს. პანდემიის დროს არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა, პირიქით, იზრდება ტემპი და მასშტაბი. ყველას გვესმის, რომ მოქალაქეებს აწუხებთ კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გადაწყვეტა სჭირდება. სწორედ მერების, საკრებულოს წევრების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოგვარდება ეს საკითხები. ამ ნიშნით შევარჩიეთ ყველა მუნიციპალიტეტში კანდიდატები.
ბატონმა პრემიერმა ახსენა მუნიციპალიტეტების ურბანული განახლების პროგრამა, რომლის თვალსაჩინო მაგალითს და შედეგებს ქედელები წლის ბოლოსთვის ნახავთ. სულ ახლოს მდებარეობს ქედის ცენტრი, რომელიც სულ მალე კეთილმოეწყობა და ყველა სტუმარი, ყველა ქედელი იამაყებს ამ ახალი, თანამედროვე, ევროპული ქედის ცენტრით, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს გაუჩენს აქაურობას. ჩვენი პროექტების მიმდინარეობისას განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომლის უზარმაზარი პოტენციალია ამ მუნიციპალიტეტში. წელს წლის ბოლომდე მოეწყობა ღვინის ლაბორატორია, ასევე, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ მეწარმეებს და 40-ზე მეტი პროექტია შერჩეული ამ მიმართულებით'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
როლანდ ბერიძე ამ დრომდე ქედის მერის მოადგილედ მუშაობდა.