გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს ახალი ქალაქი - ირაკლი ღარიბაშვილი

17 აგვისტო 2021, 16:01 5544 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე სპეციალური ეკონომიკური ზონა შეიქმნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, სასტუმროებითა და ფინანსური ცენტრებით. 

მისივე განმარტებით, კონცეფციაზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება. 

„მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ - ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე, არსებობს ასევე უნიკალური ადგილი - გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალება, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდ და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას, უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი. ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც  წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენი სურვილია ჩავრთოთ მაქსიმალურად ყველა კომპეტენტური და საუკეთესო კომპანია, რომელიც  ამ სფეროში მუშაობს. 

გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით,  უნდა შეიქმნას ფინანსური ცენტრი და რეალურად ახალი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ ამ მხარეში'' - განაცხადა პრემიერმა. 

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია დაახლოებით 300 ჰექტარია და მისი გასხვისება ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს იგეგმებოდა. აღნიშნულ ადგილას ბიზნეს-ქალაქის გაშენებას წინა ხელისუფლებაც აპირებდა, თუმცა ტერიტორია ამ დრომდე აუთვისებელია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში