ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
შეხვედრაზე სავარაუდოდ სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში, რომელმაც მანამდე არაერთხელ დაგმო ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები და „თალიბანისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების წარმართვისკენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ ქაბულში თალიბებმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.
„თალიბანის“ მიერ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულზე კონტროლის დამყარების შესახებ განცხადების შემდეგ, ასობით მცხოვრებელი ავღანეთის დატოვებას ცდილობს.