31 წლის ორსულ ქალს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა.
შვიდი თვის ორსული, კატასტროფის ბრიგადამ, ბათუმიდან კლინიკა "ბომონდში" ორი დღის წინ შეიყვანა. გუშინ საღამოს ნაყოფი დაიღუპა, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო კი მას ამ დრომდე ოპერაცია ვერ უკეთდება.
ოჯახის წევრები დახმარებას და ფეხმძიმე ქალის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა პაციენტის მძიმე მდგომარეობისა და კლინიკებში ადგილის არარსებობის გამო, დედაქალაქში გადაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"კვირას მდგომარეობა დამძიმდა, მაღალი ტემპერატურით ქუთაისში გადმოვიყვანეთ, ბათუმმა აღარ მიიღო. მეუბნებოდნენ სტაბილური მდგომარეობაა, მძიმედ არ ითვლებაო. გუშინ საღამოს მდგომარეობა კატასტროფულად შეიცვალა, დაფიქსირდა დედიმერის ძალიან მაღალი მაჩვენებელი.
გუშინ საღამოს მერე ვარკვევთ და არსად ადგილი არ არის, დღეს ერთი ადგილი გამოჩნდა, თუმცა გვეუბნებიან, რომ გადაყვანა სარისკოაო. გვთავაზობენ, ბუნებრივი გზით იმშობიაროს და შემდეგ გადმოიყვანეთო, თუმცა ესენი თავს იზღვევენ და ამბობენ, რომ სარისკოა მშობიარობაო"-აცხადებს ორსული ქალის მეუღლე.
კლინიკა "ბომონდში" აცხადებენ, რომ ორსულს უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ამ დრომდე მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.
"საავადმყოფოში პაციენტის შემოსვლის შემდეგ, დედიმერი გაიზარდა ოთხმაგად, ზოგადად მდგომარეობა არის მძიმე, სტაბილური. ნაყოფი დაიღუპა მაღალი დედიმერის გამო, რადგან ამ დროს მაღალია თრომბის რისკი. პაციენტი სადაც არ უნდა იყოს ახლა, მისი მდგომარეობა ყველგან სარისკოა. მეორე ორსულობაა, მას თანხმლები დაავადებები არ აქვს"- აცხადებენ კლინიკა "ბომონდში".