19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს - ირაკლი კობახიძე

28 ივლისი 2021, 14:54 958 ნახვა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

''ქართული ოცნების'' ლიდერის თქმით, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება.

''ქვეყანა ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში ''ქართული ოცნების'' მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკურ პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

ქვეყანას სჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას. თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების  შედეგი რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის'' - განაცხადა კობახიძემ. 

მისი თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდება.

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს: ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება.

შემოდგომაზე დასრულდება „ამნისტიის შესახებ კანონის" მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი