შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

19 ივლისი 2021, 10:49 1369 ნახვა

ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე შესვლამდე, კომენტარები გააკეთეს მედიასთან.

მათი თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხი იქნება, რაც მიშლის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.   საუბარი ასევე შეეხება 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. 

„ცხადია, გვექნება საუბარი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც 5 ივლისის შედეგად შეიქმნა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით.  ამისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ დოკუმენტის შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერე მიშელის თანამონაწილეობით და რომელსაც აქვს მიშელის სახელი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია და მიშელთან შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრებს. 

''შარლ მიშელის დოკუმენტი ეს არის საქართველოს ევროპისკენ გზა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის და ევროპული საბჭოს სრული ჩართულობა იმისთვის, რომ შემოვატრიალოთ პროცესი და საქართველო წავიდეს ისევ ევროპული კურსით. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და ინტერესს, პირდაპირ მიზანმიმართულად აფერხებს ევროპისკენ ინტეგრაციის პროცესს“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

''ლელოს'' ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ შარლ მიშლის შეთანხმებას ''ქართული ოცნება'' ცალმხრივად არღვევს. 

„ბევრი სასაუბრო გვაქვს იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მედიაციით შედგა. ვისაუბრებთ მისი განხორციელების პროცესზე, თუ როგორ ირღვევა ცალმხრივად  „ქართული ოცნების“ მიერ. ასევე საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებთან დაკავშირებით.

ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ვისაუბრებთ პრეზიდენტ მიშელთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მოკლე პერიოდში ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი ქვეყანაში მესამედ იმყოფება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი