უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე განაჩენი 14 ივლისს გამოცხადდება

05 ივლისი 2021, 18:48 727 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმის არსებითად განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილი საბოლოო განაჩენს 14 ივლისს გამოაცხადებს. დღეს სასამართლომ დაცვის მხარის საბოლოო პოზიცია მოისმინა და ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს. მიხეილ ბატურინს  დავით მამისეიშვილი განაჩენის  გამოტანის დღეს მოუსმენს. ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში იმ გარემოებებზე ისაუბრა,  რაც მისი აზრით  გამორიცხავს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას.  ადვოკატის განცხადებით,  საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია . იურისტი ამბობს, რომ  ხელისუფლებას ჰქონდა შიში თითქოს  ბრალდებულები კატარღით საქართველოში  მიხეილ სააკაშვილის  ტრანსპორტირებას გეგმავდნენ.  გამოძიების ვერსიით 7  თვის წინ მიხეილ ბატურინმა, იური ხომიჩიმ და ვოლოდიმერ დიაჩენკომ  საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შემოაღწიეს და საფრთხე შეუქმნეს ქვეყნის უსაფრთხოებას.  მათ გამოძიება  ჯგუფურად საზღვრის უკანონო  გადაკვეთას ედავება.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 5  წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში