სალიბაურში მოქალაქეებმა კარვები გაშალეს, ისინი შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ და გასახლებას ითხოვენ 

02 ივლისი 2021, 13:52 1590 ნახვა

სალიბაურში, სადაც შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს მოსახლოებას კარვები აქვს გაშლილი. ისინი სამუშაოების შეჩერებას და ტერიტორიიდან განსახლებას ითხოვენ. 

ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობის დროს სახლებს ბზარები გაუჩნდა, დაზიანდა დამხმარე ნაგებობებიც. აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება არ შეიძლება და საფრთხის შემცველია. 

საუბარია დაახლოებით 15 ოჯახზე. 

სალიბაურის მკვიდრები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს კარვებს არ აიღებენ და პროტესტს გააგრძელებენ. 

''მტვერზე და ხმაურზე ლაპარაკი არ არის, სახლები რომ დაზიანდა ამაზე ვსაუბრობთ. შენობიდან დაახლოებით 25 მეტრის დაშორებითაა ავტობანი. გაუსაძლისი მდგომარეობაა. ბავშვები ეზოში ვერ გადიან. სახლების გარემონტება არ გვინდა საჭიროა გასახლება'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

მოქალაქეთა ნაწილი კი ამბობს, რომ მშენებლობის დროს მათი მიწებიც მიისაკუთრეს. 

''30 წელია აქ მიწას ვამუშავებ, ავტობანის მშენებლობის გამო 700 მეტრი წაიღეს, დანარჩენი შემოღობილი მქონდა და ბოსტნეულს ვრგავდი.  საქართველოში არ ვიყავი, რომ დავბრუნდი უკვე მოეშალათ საზღვარი და ბეტონიც დაუსხამთ. საბუთებში მიწერია, თუ მთავრობა შეეხება კომპენსაცია უნდა გადამიხადოს. იმ დღიდან ვითხოვ და არაფერს მაძლევენ'' - განაცხადა ​სიფრიე ივანაძემ. 

სალიბაურის მკვიდრები რამდენიმე თვეა აქციებს პერმანენტულად მართავენ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი