"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია გააცნო.
კობახიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ზედმიწევნვით შეასრულა შეთანხმების ყველა პირობა. ხელისუფლებამ თავი შეიკავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესით განმწესებისგან, იუსტიციის უზენაესმა საბჭომ შეაჩერა მოსამართლეთა განმწესების პროცესი.
მისივე თქმით, ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. პროცესები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.
"ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებს ვალდებულებას იმოქმედოს ვენეციის კომისიისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, მოუსმინოს და კენჭი უყაროს მოსამართლეობის კანდიდატებს.
საქართველოს პარლამენტი კანონის შესაბამისად მოუსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მათი განმწესების შესახებ.
"ქართული ოცნება" დარჩება შეთანხმების ერთგული"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.