"ოცნების ქალაქის" მშენებლობა დეკემბერში დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო 

18 ივნისი 2021, 15:48 1609 ნახვა

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  "ოცნების ქალაქის" მასშტაბური პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოების მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო, რაც მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

უწყების ცნობით, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. 

''„ოცნების ქალაქის“  ტერიტორიაზე არ არსებობს ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი, რომლის პროექტირება/მშენებლობის კუთხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს „ბათუმის წყალის“, საკონსულტაციო კომპანია „Posch and Partners”-ის და „MACS“-ის, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩართულობით, აქტიურად მუშაობს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ასევე არ ფუნქციონირებს ელ.მომარაგების და ბუნებრივი აირის ქსელები, რომელის ტექნიკური პირობების დოკუმენტს სამინისტროს დაკვეთით, საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორი კომპანიები უკვე ამზადებენ. ყველა აღნიშნული ქსელის ტექნიკური პარამეტრების დადგენის შემდეგ, „ოცნების ქალაქის“ მშენებელი კომპანია „დაგი“, გარე საინჟინრო ქსელების დაერთების წერტილების მონიშვნას განახორციელებს, რისთვისაც კომპანიას მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით 1,5 თვე მიეცა. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დასრულდება.

2020-2021 წლებში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელს ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და შეზღუდვების გათვალისწინებით, სამშენებლო კომპანიებს დამატებითი გონივრული ვადები მიეცათ.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო" - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი