აჭარის ეკონომიკის სამინისტროსა და ბობოყვათის მოსახლეობას შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა 

17 ივნისი 2021, 13:10 1777 ნახვა

აჭარის ეკონომიკის მინისტრსა და ბობოყვათში მცხოვრებ მოსახლოებას შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.  მოლაპარაკების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, ვინაიდან რეესტრმა მოქალაქეებს მიწები არ დაუკანონა, ე.ი. საკუთრების შესახებ  კანონით დადგენილი დოკუმენტაცია არ არსებობს, მინისტრს კი კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას საკითხში ჩაერიოს.

რაც შეეხება ბობოყვათის მკვიდრებს, ისინი აუქციონის გაუქმებას ითხოვენ და ეკონომიკის მინისტრს თხოვენ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც მათ საკითხს შეისწავლის და სამართლებრივი დავის საშუალებას მისცემს.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აუქციონი არ შეჩერდება.

''მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გავმართეთ და დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი. მოვისმინეთ მათი არგუმენტები, ასევე ვისაუბრეთ სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების განმარტებები. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონს  მართავს ყველა კანონის და პროცედურის დაცვით. მოქალაქეებს არ აქვთ კანონით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე  მათ უფლებრივ სარგებლობას ან საკუთრებას მისცემს. 

ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში, იქნება ეს პოლიტიკური თუ თანამდებობრივი. ყველამ კანონის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ'' - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ჯაბა ფუტკარაძემ. 

ბობოყვათის მიწების მფლობელები კი აცხადებენ, რომ არ დათმობენ მამაპაპისეულ მიწებს. მათ მიწების საკუთრების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ისინი პერმანენტულ აქციებს გეგმავენ, ასევე არ აპირებენ ინვესტორის შეშვებას ტერიტორიაზე.

მათივე თქმით, თუ საკითხი არ მოგვარდება და აუქციონი არ შეჩერდება თვითმმართველობის არჩევნებში 61-ე და 62-ე უბნის ამომრჩევლები მონაწილეობას არ მიიღებენ. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში