სტუდენტს ნინოწმინდის პანსიონზე ჩვენების მიცემის შემდეგ, ხიჭაურის უნივერსიტეტში აღარ უშვებენ - სახალხო დამცველი 

09 ივნისი 2021, 14:45 1690 ნახვა

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა.

ომბუდსმენის თქმით, მოზარდებს სთხოვენ არ მისცენ სამართალდამცველებს ჩვენება, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ. 

ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს,  რომელიც ხიჭაურში, საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებულ უნივერსიტეტში ირიცხება, პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ სასწავლებლის ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.

''ჩვენ დაგვიკავშირდა ნინოწმინდის ერთ-ერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელიც ამჟამად ხიჭაურის უნივერსიტეტში ირიცხება. ეს სასწავლებელი საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არის, სადაც ძირითადად სწავლობენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები და რეალურად მათი ერთადერთი საცხოვრებელი დღესდღეობით არის სწორედ ამ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი.

პირმა განგვიცხადა, რომელიც არის სრულწლოვანი, რომ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მიეცა ჩვენება ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის და პოლიციიდან უკან დაბრუნებულს აიძულეს, მოსთხოვეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, დაეტოვებია უნივერსიტეტის ტერიტორია. იმის გამო, რომ მან ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდა.

აღნიშნულმა პირმა წუხანდელი ღამე გაათია ადგილობრივ მოსახლესთან, რომელმაც შეიფარა. ის დღესდღეობით ღია ცის ქვეშ არის. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს იმისთვის, რომ სახელმწიფო უწყებებთან ერთად გამოიძებნოს მისთვის თავშესაფარი, ვინაიდან ამ პირს არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი", - განაცხადა ლომჯარიამ. 

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, არის საგანგაშო და საყურადღებო. ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს დაინტერესდნენ ამ ფაქტებით.

დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონში რჩება 29 არასრულწლოვანი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყო პანსიონიდან 24 ბავშვის გამოყვანა, რომლებიც ბიოლოგიურ ოჯახში თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ. 

ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, საპატრიარქოსა და ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენის“ წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე პანსიონში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი