საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.
''წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.
ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.