საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური ე.წ. „მაუგლის მეთოდით“ მკურნალობის საკითხი შეისწავლა და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი მეთოდის განმახორციელებელ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
''ქსპერტის შეფასებით, ე.წ. „მაუგლის ვარჯიშების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია არსად არ მოიპოვება. უცნობია, თუ რას ემყარება ეს მეთოდი, არის თუ არა სადმე აღწერილი და აქვს თუ არა მას რაიმე თეორიული თუ პრაქტიკული საფუძველი. ხოლო, ის კადრები, რაც ინტერნეტ-სივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს, რომ ეს არის ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რომელიც ხორციელდება ახალშობილობის ასაკიდან და რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია და შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
ექსპერტის თქმით, თავის ტვინის ტრავმა ისეთმა თითქოს უბრალო გართობამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თამაშის მიზნით ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ჩარევებს და არ შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე.