ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა არასრულწლოვანმა უნდა დატოვოს ეს ადგილი - სახალხო დამცველი

06 ივნისი 2021, 22:43 1144 ნახვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის იმ ექვს აღსაზრდელს შეხვდა, რომლებიც დღეს ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დღეს შევხვდი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ექვს აღსაზრდელს, რომლებიც საკუთარი სურვილით გადავიდნენ ალტერნატიულ ზრუნვაში. ყველა მათგანი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში იმყოფება, შეუფერხებლად მიეწოდებათ მხარდამჭერი სერვისები. ბავშვების ინფორმაციით, ისინი თავს გრძნობენ კარგად და ახალ გარემოსთან და სხვა ბავშვებთან შეგუება არ გასჭირვებიათ.

არასრულწლოვნებმა ჩემთან დეტალურად ისაუბრეს ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე. გაიხსენეს ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, რასაც, მათი თქმით, მეტწილად მცირეწლოვნობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, დეტალურად შეფასდეს ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში არსებული მდგომარეობა, დაიგეგმოს მათი ოჯახებში შესაძლო დაბრუნება და გადაიდგას ნაბიჯები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით.

ბავშვებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრებმა ყველა არასრულწლოვანმა, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დატოვონ ეს ადგილი და სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ ღირსეული, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გარემო ოჯახებსა თუ სახელმწიფო ზრუნვის ოჯახური ტიპის დაწესებულებებში.

ჩვენ ვაგრძელებთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვების მდგომარეობისა და საჭიროებების მონიტორინგს, ასევე, შევისწავლით ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ ამ პანსიონში იმყოფება“, - წერს ნინო ლომჯარია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი