საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
"საქართველოს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.