საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის მაჩვენებელი 8.1%-ია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალი და პოზიტიურია.
''ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს რა თქმა უნდა აღემატება, მაშინ ეკონომიკაში კლება იყო და ეს გასაგებია. ჩვენ ვთვლით, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს მაღალი იქნება.
განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. კერძოდ, ექსპორტი აპრილში გაიზარდა 70%, ფულადი გზავნილები 144% და ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის დამაჯერებელი და ოპტიმისტური'' - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ეკონომიკის აღსადგენად კიდევ ერთი სტიმული იქნება.
პრემიერი ამბობს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
''პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის. დაახლოებით ერთი თვის წინ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით განთავსებული ევრობონდები ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.