სამების ტაძარში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი, პოლიტიკოსები და გენერლის ოჯახის წევრები ესწრებიან.
„ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით. საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენ სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენ მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან თქვენი შემართებითა და გულანთებული მამულიშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება.
სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი. 100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემისა და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა - საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გენერლის ნეშტის გადმოსვენება საფრანგეთიდან საქართველოში მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 51 წლის შემდეგ მოხერხდა.
მას სამხედრო პატივით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.