პრემიერ-მინისტრი BP-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

21 მაისი 2021, 18:49 971 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, BP-ის რეგიონულ დირექტორ გარი ჯონსს​ შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები.

„აღინიშნა, რომ BP-ს 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით.

აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების საქართველოში განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს.

ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს. იგი პირდაპირი სატრანსპორტო ხაზია კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის.

ხაზი გაესვა ასევე სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება კასპიის ზღვის „შაჰ დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი