ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის წინაშე აყენებენ ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ამის შესახებ „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის მიუხედავად, გუშინ წარმოების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდებოდა, თუმცა აქციის მსვლელობისას, ადგილი ჰქონდა უკანონო ქმედებებს ქარხნებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება. როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვაჩერებთ ორივე ქარხნის მუშაობას, რათა თავიდან ავიცილოთ პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები, რომლებიც საფრთხის წინაშე აყენებენ ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია, ნებისმიერ დროს განაახლოს მის საკუთრებაში არსებული ქარხნების მუშაობა.
ბოლო დღეების განმავლობაში თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აგრძელებდა მუშაობას და კვლავ აქვთ ამის სურვილი. თუმცა სატვირთო ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირება, რომელსაც ახორციელებს გაფიცულთა ნაწილი, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს თანამშრომლებს, სატრანსპორტო კომპანიების მფლობელებს და თავად გაფიცულებს. სწორედ ამიტომ, ქარხნების მუშაობა განახლდება მსგავსი ტიპის უკანონო ქმედებების შეწყვეტისთანავე“, - წერია განცხადებაში.