მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ

18 მაისი 2021, 14:16 1164 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება.

დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ.

დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

"აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ეტაპზე, სასამართლომ ვერ მოისმინა ბრალდებულებისგან განმარტება, თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი ტერიტორიულ წყლებში. მათი თანამონაწილეობა აისახება საბოლოო განაჩენზე. ადვოკატების მიზანია თავი დააღწიოს ბრალდებულებმა საპატიმროს. მე რომ ადვოკატი ვიყო, მეც ამავეს შევეცდებოდი.

მე მომავალშიც ისევე როგორც აქამდე ვაპირებ ობიექტურად განვახორციელო მართლმსაჯულება. არცერთ საქმეში არ ვყოფილვარ მიკერძოებული. სასამართლოსთვის უცნობია ბრალდებულების წყლებში ყოფნის მიზანი და მოტივი. ადვოკატის შუამდგომლობა ჩემს აცილებასთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი"-განაცხადა დავით მამისეიშვილმა.

სხდომის დაწყებამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებთან ერთად სოლიდარობის აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რადგან საგამოძიებო უწყებას ჰქონდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს კატარღაზე სადაც ბრალდებულები იმყოფებოდნენ, მათთან ერთად იმყოფებოდა მეოთხე პირი  ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

დაცვის მხარე აპირებს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადოს.

მიხეილ ბატურინი, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი 2020 წლის 28 ნოემბერს შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ყოფნის დროს დააკავეს. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადმოკვეთას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი