მიმდინარე კვირიდან ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება - ნათია თურნავა

17 მაისი 2021, 13:36 1106 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქალაქის ქუჩებში  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები უკვე გამოჩნდნენ.

ნათია თურნავას განმარტებით, პრაქტიკულად ყოველკვირეულად შემოდით განაცხადები ფრენების დაწყებაზე ან აღდგენაზე.

"კარგად დაიტვირთა გარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ასევე მათი ძველი სტრატეგიული პარტნიორი კომპანია იწყებს  პერიოდულ ფრენებს. ქუთაისის განახლებული აეროპორტი მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა კომპანიებიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც მოიმატა ყოველკვირეულმა ფრენებმა.

შემოგვდის ტურისტების ორგანიზებული ჯგუფები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამას აძლიერებს ის გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორი ვაქცინაციის პრიორიტეტულ ნუსხაში შევიყვანეთ"-განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, 2000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადასცეს და ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია იმ ადამიანების, ვინც ტურისტულ სექტორშია დასაქმებული.

"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის უსაფრთხო. ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა.

ის ფაქტი, რომ ტურისტს, ვაქცინირებული გიდი, მიმტანები და სასტუმრო პერსონალი დახვდება ერთი ათად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში