განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა - საიამ ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის სახელით სარჩელი შეიტანა 

13 მაისი 2021, 14:32 3923 ნახვა

დღეს ''ბათუმის ბულვარის“ ყოფილმა დირექტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

საია-ში აცხადებენ, რომ ითხოვენ ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. 

''როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 12 აპრილის განკარგულებით, ირაკლი ჯინჭარაძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სადავო განკარგულება არის უკანონო. საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას, წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის საკრებულოს სხდომა, სადაც განიხილებოდა კომპანიებისათვის გრძელვადიანი იჯარით პლაჟების გადაცემის საკითხი.  ირაკლი ჯინჭარაძემ მკვეთრად გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.

სხდომის დასრულებამდე ჯინჭარაძე საკრებულოს თავმჯდომარემ გამოაძევა დარბაზიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო განსხვავებული ნიშნით მისი დევნა და ეს გაგრძელდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებით'' - აცხადებს იურისტი მირზა მამულაძე.

საიას იურისტი ასევე ამბობს, რომ სადაო განკარგულება გამოცემულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით. კერძოდ  ჯინჭარაძემ ინფორმაცია გაიგო მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ხოლო განკარგულება ჩაბარდა მეორე დღეს. 

''რაც შეეხება განკარგულებაში მითითებულ გარემოებებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხება, თითქოს ირაკლი ჯინჭარაძე არ რეაგირებდა საკითხებზე და ამიტომ მოხდა მისი გათავისუფლება, ამ გარემოებებს არ ვეთანხმებით. ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე მან მიმართა უშუალოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და გამოვლენილი დარღვევები გააცნო. საყვედური და შენიშვნა მას არ მიუღია. მხოლოდ საკრებულოს სხდომის შემდეგ გადაწყდა მისი გათავისუფლება. ეს კი მკაფიო დასტურია იმისა, რომ მოხდა ადამიანის დევნა განსხვავებული მოსაზრების გამო'' - აცხადებს იურისტი. 

მისივე თქმით, გათავისუფლების მოტივად მითითებულია აუდიტის დასკვნაში აღმოჩენილი დარღვევები, თუმცა ამ დარღვევების უმეტესობა ირაკლის არ ჩაუდენია. 

ირაკლი ჯინჭარაძე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი