ვეცდებით ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხი ელოდება - ამის შესახებ ნიკა მელიამ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.
პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსულტაციებს დრო დასჭირდება.
''პირველ რიგში გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, პარტია აგრძელებს კონკრეტული გეგმით მოქმედებას თუ ცვლის. საპარლამენტო ცხოვრებას იწყებს თუ არ იწყებს. დოკუმენტზე ხელს აწერს და ასე შედის პარლამენტში. არ აწერს, მაგრამ შედის გარკვეული დათქმებით.
პარტიაში არსებობს პოზიცია, რომ გაყალბებული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ უნდა ვიყოთ. მოხდება პოზიციების შეჯერება, მაგრამ ეს რამდენიმე დღეში ვერ გადაწყდება. ვეცდებით მაქსიმუმ ერთ კვირაში ჩავეტიოთ. პარალელურად გაიმართება კონსულტაციები პარტიებთან, როგორ გავდივართ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ყველას ვთხოვთ, მოთმინებით მოვეკიდოთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მსხვილი ოპოზიციური პარტია, არავინ მიიჩნიოს, რომ ამით რომელიმე პარტიას ოდნავ მაინც ვაკნინებთ. ამ ბრძოლაში ერთი ხმაც, ერთი ადამიანის არსებობაც მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს მრავალდღიან კონსულტაციებს, მოლაპარაკებას. ნაციონალურ მოძრაობაში უფრო მეტი ხალხიც ვართ და უფრო მეტი განსხვავებული პოზიციაც არის'' - განაცხადა ნიკა მელიამ.