ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა

04 მაისი 2021, 15:05 1932 ნახვა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) შემოვიდა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"USCGC HAMILTON" ბათუმს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - "დიოსკურიასა" და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს.

''ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ პაპიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი