შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვენ - აქცია ბათუმში

30 აპრილი 2021, 14:29 451 ნახვა

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ კომპანია ''ბათუმის წყალმა'' წყლის ცენტრალური მილი გაიყვანა, თუმცა აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხები არ დამონტაჟებულა. 

აქციის მონაწილეებს ითხოვენ, სანამ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდება, ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაიგოს. 

''დაგებულ ასფალტს ხელმეორედ სანიაღვრე არხის მოსაწყობად არავინ გადათხრის, ამიტომ უმჯობესია ჯერ ეს პრობლემა მოგვარდეს. რთული მდგომარეობაა წვიმის დროს, ეზოები წყლით ივსება'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

ადგილობრივები შარაშიძის ჩიხებში სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ დასახლებაში მხოლოდ მიწისქვეშა წყლებით სარგებლობენ, რომელიც სასმელად გამოუსადეგარია.

აქციის მონაწილეებს ''ბათუმის წყალმა'' წერილობით უპასუხა, სადაც წერია, რომ შარაშიძის მეორე ჩიხში, წყალმომარაბების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება სანიაღვრე ქსელის მოწყობას, აღნიშნულ სამუშაოებს ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახორციელებს.

სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს და აღნიშნულ დასახლებასაც მოიცავს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში