1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო და ქვეყანა 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლდა.