ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროსთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ გუნდმა, რომელიც მეგი ბაქრაძის მდგომარეობას მართავდა, სამართალდამცავ ორგანოებს და რეგულირების სააგენტოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
გაბუნია ამბობს, რომ უნდა დადგინდეს იყო თუ არა ეს ექიმების შეცდომა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა არასწორი ინფორმაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს და ეს ინფორმაცია არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა. ასეთი ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია.
რა თქმა უნდა, რეგულირების სააგენტო თავის მხრივ გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ფაქტები და ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ იმაზე, ეს ექიმების შეცდომა იყო თუ არა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.