ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

07 აპრილი 2021, 14:00 698 ნახვა

ბათუმში, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით, აღდგება შენობის დაკარგული და დაზიანებული მხატვრული ელემენტები და მოწესრიგდება ფასადი. გამაგრდება საყრდენი კედელი. რესტავრაცია ჩაუტარდება ცენტრალურ ნაწილში არსებულ დაზიანებულ ქვის თაღს.

რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა. 

​''პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში ჩვენ გვქონდეს რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მან ასევე ზონალური საბჭოს წევრებს მიმართა. 

''მინდა მოვუწოდო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვლისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში. მინდა ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ, როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრები ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ფონდი „ქართუს“ ჩართულობით, შევძელით რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში. მნიშვნელოვანია ქალაქს შევუნახოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაც გვაქვს, განსაკუთრებით გაძლიერდება ამ მიმართულებით ხაზი და ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნება გამოყოფილი ამ მიმართულებით'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში