ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 აპრილს აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებს მხარდამჭერი აქცია აქვთ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაწყებული პროცესი რამდენიმე წუთის წინ განაახლა. გუშინ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ და გაეცნენ ვიდეო მტკიცებულებებს.
დღეს ის პოლიციელები უნდა გამოკითხონ, რომლებიც უშუალოდ აქტივისტების დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ.
"ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას. იქვე დაგვხვდა კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გვაინტერესებდა გაგვერკვია რა ხდებოდა, რადგან იყო კომენდანტის საათი, მე დავაკავე გენრი დოლიძე, ის პოლიციელბის მისამართით იგინებოდა და გადავიყვანეთ მესამე განყოფილებაში''- განაცხადა ზვიად მახარაძემ.
ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ გიგა ნაკაშიძე ხმამაღლა იგინებოდა და ილანძღებოდა. მისივე განმარტებით, ის გააფრთხილეს, რომ შეეწყვიტა ლანძღვა-გინება, თუმცა სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილა რასაც დაკავება მოჰყვა.
3 აპრილს ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.