დოლარი ლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში დღეს ერთი დოლარის შესაძენად 3 ლარი და 50 თეთრი დაგჭირდებათ. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი კი 3 ლარი და 41 თეთრია.
ექსპერტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით გაძვირდა ზეთი, მარცვლეული, შაქარი და რძის პროდუქტები. თუ ლარი რყევას განაგრძობს, არ არის გამორიცხული პროდუქციის ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდოს.
საქართველოში დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლარის დღევანდელი კურსი იმპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის კრიტიკულია და მოსალოდნელია ფასების კიდევ უფრო ზრდა. მისივე თქმით, გაძვირდა ნედლეული, რომელსაც კომპანიები დოლარში ყიდულობენ და შემდეგ უკვე საქართველოში ლარში ყიდიან. ფასების გადახედვა მოუწევს დიდ ქსელურ მარკეტებს და ასევე საცალო ბაზრობებსაც.
''გაცილებით უფრო რთული ვითარებაა ვიდრე წინა პერიოდში, ეკონომიკური კრიზისია, პანდემიის გამო 300 000 ადამიანი უმუშევარია დარჩენილი, ლარის კურსი კი ხედავთ რა დღეშია. მოსახლოებას შემოსავალი შემცირებული აქვს. კომპანიები იძულებულები არიან ფასები გაზარდონ, გარდა იმისა, რომ ლარის კურსი მოქმედებს, საერთაშორისო ბაზარზეც ხდება ფასის ცვლილება, ეს კი ნეგატიურად აისახება. ყველაფერი ერთად აღებული იმოქმედებს როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე. კომპანიებს ფასის ზრდის გარდა, სხვა გზა არ რჩებათ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გადარჩნენ'' - განაცხადა ივა ჭყონიამ.
რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველაფერი რაც დოლარის კურსის ცვალებადობას შეეხება ადამიანებსა და ბიზნესზე უარყოფითად აისახება. შოთა ბურჯანაძის თქმით, ობიექტები შაბათ-კვირას ვერ მუშაობენ, ამას დაემატება პროდუქციაზე ფასების ზრდა, რაც თავისთავად მომხმარებელზეც აისახება.
''ნებისმიერი სავალუტო ძვრა, რომელიც ლარის გამყარებას არ ემსახურება, რა თქმა უნდა პრობლემა არის ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის'' - ამბობს რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ლარის დასტაბილურებისთის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვაქცინაციაა და ტურისტების შემოყვანა. მათივე განმარტებით, 2020 წელს 10% შემცირდა ტურიზმიდან, ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებიდან შემოსავალი, წელს კი პრაქტიკულად განულებულია.
''ვაქცინა არის უმნიშვნელოვანესი ლარის დასტაბილურებისთვის. ჯაჭვური რეაქციაა, რადგან ტურისტების შემოსვლა ზუსტად ამაზეა დამოკიდებული და ტურისტები ლარის კურსის დასტაბილურების საკითხში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენო. პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს'' - აცხადებს საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
ლარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 9 თეთრით გაუფასურდა.