დააკავეს პირი, რომელიც კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველ ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა

24 მარტი 2021, 10:02 2023 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში