ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება - ცესკო

23 მარტი 2021, 12:59 794 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ცესკო-ს წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გრძელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია. ამჯერად, ცესკოს შესახებ ცრუ, გადაუმოწმებელი ბრალდებები და არასწორი ინფორმაცია მედიის საშუალებით პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

22 მარტს, ცესკოში გამართულ სხდომაზე, კანონმდებლობის სრული დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს კანონით დადგენილი ხუთწლიანი ვადის ამოწურვის გამო.

შესაბამისად, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს - შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.

კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც"-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკო-ს პრესსპიკერის თქმით,​ დისკრედიტაციული კამპანიის ფარგლებში ასევე, გავრცელდა მორიგი სიცრუე ცესკო-ში ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდის შესახებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი