ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.
კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 %-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.
კვლევის თანახმად, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამასთან, კვლევის თანახმად, ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.
რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.