საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს.
დავით ზალკალიანის თქმით, ყველამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
„თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც გააკეთეს ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. არაფერი დამალული არ ყოფილა, შეხვედრები ინტენსიური იყო და ძალიან დატვირთული, შინაარსიანი და ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ დაუსრულებლად მიმდინარეობდეს ეს პროცესი მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე.
მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დამოკიდებული და მოლაპარაკებებზე წინაპირობებით ან დათქმებით წასვლა ნიშნავს მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანას. ხელისუფლების მხრიდან ნება გამოხატულია და ეს არის უკვე დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.