ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი - იენს სტოლტენბერგი

17 მარტი 2021, 18:53 765 ნახვა

 ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობას, ეს ჩვენთვის ნამდვილად ღირებულია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. გავაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები ამ მკაფიო გზავნილს უერთდებიან. ასევე მოვუწოდებ ნატო-ს წევრებს პრაქტიკული დახმარება გაწიონ საქართველოს. გვჯერა, რომ საქართველო კვლავ უნდა იყოს ფოკუსირებული რეფორმებზე, იმ დროს, როდესაც საქართველო კვლავ წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატო-ს წევრები მხარს უჭერენ საქართვლოს ამ გზაზე. ეს ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე. ჩვენ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამ გადაწყვეტილებას კვლავ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. ამიტომაც ვაგრძელებთ საქართვლოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იგი გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.

მისივე თქმით, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების, სწავლებისა და სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

„დღევანდელ და მომდევნო ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. ის საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტიან თანამშრომლობასა და ნატოში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების, სწავლებისა და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ ნატოს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი