სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინება ტელეკომპანიას ცოტახნის წინ მიუვიდა. ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.
"ამოღებულ იქნას 2021 წლის, 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული (გაგზავნილი) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის, 6 მარტს, გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემული (გაგზავნილი) კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა'' - წერია პროკურატურის განჩინებაში.
ტელეკომპანიის მიერ გასაჯაროვებულ წერილში ასევე წერია, რომ: "საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს დან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა"
ნოდარ მელაძის თქმით, პროკურატურა ამ ქმედებით წყაროზე გასვლას ცდილობს.
"მოსამართლის განჩინებითა და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ, მათი მიზანია, როგორმე, პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ წყარო. როგორც პირდაპირ არ ვუთხრათ დაკითხვის დროს ინფორმაცია, ასევე არ მივანიშნოთ, წყაროსთან დაკავშირებით", - აცხადებს მელაძე.
"TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეც.
პროკურატურამ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება უნებართო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.