უკანონო მოსმენა აწყობილი იყო იმისთვის, რომ წამოვეგეთ პროვოკაციაზე, რომელიც არ გამოუვიდათ - ბერა ივანიშვილი

09 მარტი 2021, 23:48 1153 ნახვა

გავრცელებული ჩანაწერი თუ 2017 წელს იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" უსმენს პრემიერ-მინისტრს, ანზორ ჩუბინიძეს, მისმენენ მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აძლევს ოპოზიციურ არხებს, მაგრამ თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„მოდით, მაშინ ყველამ ერთად გავაანალიზოთ, ეს, ასე ვთქვათ, სცენარი, რომელსაც ოპოზიციური არხები ატრიალებენ, რომ ე.ი. ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თან თარიღი არ იცის, როდის გვისმენს. გვისმენს, მაგრამ თარიღი არ იცის და ესენი რასაც ამბობენ, მთავრობა არ იყო და ანონიმური, უცხო ვიღაც აგენტი იქსი არის, ე.ი. ამ კაცმა შეძლო, რომ ჩვენს ამ ყველა ჩანაწერს თავი მოუყარა და თარიღი არ იცის. ეს ერთი დეტალი და მეორე მხარეს მთელმა საქართველომ იცის, როდესაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია იყო ქვეყნის მმართველობაში, ხდებოდა ტოტალური მოსმენა, არა მარტო არასრულწლოვანი ბერასი, არამედ ვისიც უნდოდათ, ვინც მათ აინტერესებდათ, მთელი საქართველოს უკანონო მოსმენა ხდებოდა და ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია იყო.

„ეს ბოტები, სოციალური მედიის ბულინგის ინსტრუმენტები, ეს უკანონო მოსმენა აწყობილი იყო იმისთვის, რომ ჩვენ წამოვეგეთ რაიმე პროვოკაციაზე, რომელიც მათ არ გამოუვიდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ რომ იქ რამე შეგვშლოდა, რამე შეცდომა დაგვეშვა, თქვენი აზრით, ისინი რამეს გვაპატიებდნენ?“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა აღნიშნა, რომ ის 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როდესაც ის 15-16 წლის იყო.

"ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე მაშინ ვიყავი 15-16 წლის და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. მანამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფა, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასობრივი, 100-200-კაციანი ჯგუფების თავდასხმა. იქ იყო მუქარა, საზიზღარი, პორნოგრაფიული სურათები. ამ ბავშვებს წერდნენ, რომ სახლებში მოგაკითხავთ და ბერა ვერ დაგიცავთ, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს ამბობდნენ, რომ მე ეთერში ვერ გავიმეორებ.

ამაზე რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ისინი დაგვიკავშირდნენ ჩვენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით გადაგვეცა, გადაგვეცა ეს დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, მორალისა და ეთიკის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამას ესწრებიან მისი მშობლები, მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა შეკითხვაზე, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური, განაცხადა:

„მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური, არ იყო, დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც და მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილს შეკითხვა დაუსვეს ჩანაწერებში ტერმინ „ტრი-ტრისთან“ დაკავშირებით.

„მოკლედ, ეს „ტრი-ტრი“ საიდან გაიგეს, საერთოდ არ ვიცი, რადგან 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ „ტრი-ტრის“ არ ვიძახი, იქ ვიძახი „ან ტო ნი“ – ასე ვეძახდით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს და „ტრი-ტრი“ საიდან, გაიგეს მართლა არ ვიცი“, - განმარტა ბერა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში