გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს 16-16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 

09 მარტი 2021, 15:56 1301 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

არასრულწლოვანთა შესახებ გადაწყვეტილება 16 მარტს გახდება ცნობილი.

მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ბრალდებული ოჯახის წევრების ნაწილის თქმით, გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ზემდგომ ინსტანციებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც აპირებენ.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ველოდით, ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ბიძინა სტურუამ იყიდა ადგილი უზენაეს სასამართლოში"-განაცხადა ერთ-ერთი ბრადლებულის ადვოკატმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, ზ.ხ.-ს ადვოკატის განცხადებით, ბრალის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას. იმედი ახლაც გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას. ყველაზე საოცარია, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ბრალის დასადასტურებლად. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მოსამართლისგან ამ გადაწყვეტილების დასაბუთება არ მოგვისმენია. დასაბუთება განაჩენში იქნება. ერთადერთი ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი"-განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში 100-მდე მოწმეა დაკითხული, ასევე გამოკვლეულია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი