თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში მარტის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს, რომ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი.
"როგორც დაანონსებული იყო, „კოვაქსის“ პლატფორმით 22 მარტიდან „ფაიზერის“ ვაქცინას ველოდებით. ასევე 22 მარტიდან მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღოს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს.
ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკვე თითქმის ერთი კვირაა რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი არის ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, მათ შორის ,,ასტრაზენეკა'', რომელიც იწარმოება სერუმის ინსტიტუტის მიერ. ასევე ,,ნოვავაქსი'', რომელიც წარმოებული იქნება სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომელსაც ჯერ ჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია.
თუმცა მისი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის. თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა „ნოვავაქსის“ მიმართულებით ჩვენ მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ,,ნოვავაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე ,,კოვაქსის პლატფორმიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.