ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაფიცვას განაგრძობენ და 10 დღის განმავლობაში მუშაობას არ აპირებენ

04 მარტი 2021, 14:29 1821 ნახვა

ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით, ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას  განაგრძობენ, სანამ ბათუმის საკრებულო ტარიფების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამის შესახებ მძღოლებმა ბათუმის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მათივე განმარტებით, გაფიცვას კიდევ რამდენიმე ახალი ხაზი შეემატა და ჯამში პროტესტის რეჟიმში 150-მდე მძღოლი რჩება.

"მთავრობა როგორც ჩანს ისევ ჩვენს მოტყუებას აპირებს. შეხვედრით უკმაყოფილო ვართ. ვაპირებთ არ ვიმუშაოთ, ვჩერდებით. ხომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღონ, ჩვენ არ ვიმუშავებთ, სანამ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს" - აცხადებს მერაბ ბერიძე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არსებული პირობებით მათ მუშაობას აზრი არ აქვს.

" 10 დღე გაფიცულები ვიქნებით. მუშაობა რომ გვიღირდეს ვიმუშავებდით და არც არაფერს მოვითხოვდით, მოსახლეობას თუ ტვირთად დააწვება გაზრდილი ტარიფი,  შეუძლიათ მუნიციპალური ავტობუსით ისარგებლონ. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება ტარიფის ზრდა თუ სუბსიდირება. 14 კილომეტრიან მანძილზე ამ პირობებით არ იმუშავება"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შეხვედრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მათივე განცხადებით, მერიამ საკითხის გადასაჭრელად 10 დღიანი ვადა ითხოვა.

"შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მერია მძღოლების ამ ნაწილის პრეტენზიებით საერთოდ აზრზე არ იყო. არადა საქმის კურსში იყვნენ ამ ყველაფერზე, წინასწარ მივედით, გავაფრთხილეთ ისინი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიდევ 10 დღე სჭირდებათ იმისთვის, რომ ტარიფები დაადგინონ. მძღოლები უკმაყოფილო არიან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არის მზად მათ პრობლემებზე იზრუნოს და გადაწყვიტოს.  საბოლოოდ მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში დარჩნენ გაფიცვის ფორმატში და არ იმუშაონ. ყველაზე მთავარი, რამდენი თეთრით გაძვირდება, პასუხი არ აქვთ"-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

მძღოლების განცხადებით, ბათუმის მერიამ ან სამგზავრო ტარიფი უნდა გააძვიროს ან სუბსიდირება მოახდინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მუშაობის გაგრძელება არ უღირთ.

მათ აღნიშნული მოთხოვნებით უკვე არაერთი აქცია გამართეს, მძღოლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან და არ მუშაობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი