მედიაჰოლდინგ "კვირას" ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

16 თებერვალი 2021, 22:29 876 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს მედიაჰოლდინგ „კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში