„კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან. კვლევის შედეგებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამდივნო აქვეყნებს.
კვლევა 180 ქვეყანას მოიცავს. „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოს 56 ქულა ჰქონდა 2019 წლის ინდექსშიც და ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ გარკვეულ პროგრესს კი მიაღწია, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ელიტური კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. კვლევას და ორგანიზაციის შეფასებას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ, მათი განცხადებით, კვლევის შედეგები ადასტურებს რომ ხელისუფლების ნაბიჯები ეფექტურია.